ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში დახურული სპორტული კომპლექსი - ყინულის არენა და საცურაო აუზის პროექტის განხორციელების სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

კომპლექსში შემავალი ყინულის არენის და ორი აუზის ყველა მახასიათებელი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 დახურული სპორტული კომპლექსი მოიცავს ოლიმპიური სტანდარტების ყინულის არენასა და ორ საცურაო აუზს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება საერთო ინტეგრირებული ცენტრალური შესასვლელით.

კომპლექსში შესაძლებელი იქნება სასწავლო-სავარჯიშო პროცესის წარმართვა და სხვადასხვა დონის შეჯიბრების ჩატარება. კერძოდ, ფიგურული სრიალი, ციგურებზე მასობრივი სრიალი, ყინულისა და საწყლოსნო სპორტული სახეობები, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

პროექტით გათვალისწინებულია ადაპტირებული სპორტული კომპლექსისთვის აუცილებელი ყველა დამატებითი დანიშნულების ფართები, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, მოსასვენებელი სივრცეები, დოპინგკონტროლის და სამედიცინო კაბინეტები, საინფორმაციო ცენტრი, სასტუმრო, ქორეოგრაფიული და აკრობატიკის დარბაზები.

სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანება და პარკინგი: 87 მსუბუქ მანქანაზე, 9 მიკრო ავტობუზე, 5 დიდ ავტობუსზე და 11 ავტოსადგომი შშმ პირთათვის.

მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი საცურაო აუზი ექნება, რომელიც 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის მშენებლობას, კომპანია „ანაგი“  განახორციელებს.