თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელეძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს შეკრებილ მოქალაქეებს,  აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომლებიც აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

ორივე დაკავებულს გამოძიება ედავება, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის მიზანმიმართულად დაზიანებას.  რაზედაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)  აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია: 

"23 იანვარს, კეკელიძის N1-ში აღსრულების წესით ბინიდან  ოჯახის გამოსახლებისას, ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და 19 ადამიანი დააკავა, მათგან ორი - აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით. დაკავებულ აქტივისტებს პროკურატურა შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ორივე აქტივისტისათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულების პიროვნება, აკადემიური სტატუსი, მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობა, პროფესორ-მასწავლებლების თავდებობა და მიმართვები და აღკვეთის ღონისძიების სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა, მაშინ, როდესაც პროკურატურამ არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ." 

ცნობისთვის, "2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება - თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია

შეგახსენებთ, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 18 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 2 პირი დააკავა.