"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წამოწევის შესახებ. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.

"ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრული ინტეგრაციის სურვილს. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

თუ მიღებული იქნება, შემოთავაზებული კანონმდებლობა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სარგებელს აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება.- ნათქვამია მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს. 

როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"

მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".

კანცელარიასთან აქცია ისე დასრულდა, რომ პრემიერის ადმინისტრაციიდან ნიკა მელიას და არც სხვა პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას, არავინ გამოხმაურებია.

ასევე, გუშინ  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

პარლამენტი მეორე მოსმენით კანონპროექტს კენჭს  შემდეგ კვირაში უყრის. 

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო