„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოც ბრძოლის ნაწილია. მისივე თქმით, მიზანი იყო ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულიყო ზეწოლა, რათა გადამდგარიყო და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცესკო. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს მაშველ რგოლად ევლინება. მისივე თქმით, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.

„ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან. თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო. ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ეს მიზანი რომ იქნებ რამენაირად შემოტრიალდეს, ამისთვის ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში ისინი ნაცები საქმეს აკეთებენ ამით. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავდროულად მავნებლურ გეგმას, ერთი მხრივ დააბულინგოს კალანდარიშვილი რომ გადადგეს და მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ მას არ მივცემთ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.