დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას.

 „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ  სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, -  აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ